[უთხარით ჩემს ქმარს]
უთხარით ჩემს ქმარს,
რომ ეს ფატა თავის ქალიდან ამომეზარდა,
როგორც მსუყე რძე მოიდებს ხოლმე ტკიცინა ნაღებს.
კვამლია ფატა.
მე კი ბნელი საკვამური ვარ,
ანუ ცხელი დერეფანი, რომელსაც ამყავს
ამ რძის ცხიმის ბურთულები—
მოუსვლელში, ძალიან ზემოთ . . .
უთხარით ჩემს ქმარს, დედაჩემის სულია ფატა—
წამფრენია ნერვიულად თმებში და მქაჩავს—
ეს ტკივილი კი
ჩარჩენილი მაქვს ხორცში, როგორც ალმასის ტყვია.
უთხარით ჩემს ქმარს,
რომ შაქრის ხუნდებს შემოვისევ კეფაზე ფატად,
ან მის წერილებს ავიფარებ ფატის მაგიერ,
როცა ისე დავბერდები და შევიცვლები,
როგორც ყვავილი—მდუღარეში ამოვლებული . . .